ფოლკლენდის კუნძულები: ნაციონალიზმისა და ეროვნული ერთობის სიმბოლო
- ლევან ჭანუყვაძე
- Jul 29, 2024
- 5 min read
Updated: Jul 31, 2024
ნაშრომის ავტორი: ლევან ჭანუყვაძე
ნაშრომი მომზადებულია კონფლიქტებისა და საერთაშორისო ურთიერთობების კურსის ფარგლებში 2024 წლის ივლისი

შესავალი
ფოლკლენდის კუნძულებზე 1982 წელს მიმდინარე ომი, არგენტინასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის, წარმოადგენს კომპლექსურ მაგალითს ტერიტორიული დავების, ნაციონალიზმის და სამხედრო ძალის სტრატეგიული გამოყენების ურთიერთქმედებას საერთაშორისო ურთიერთობებსა და დიპლომატიაში. ისტორიულად, როგორც არგენტინა, ასევე გაერთიანებული სამეფო აცხადებდნენ პრეტენზიას ფოლკლენდის კუნძულებზე, რომლებიც არგენტინაში ცნობილია, როგორც მალვინის კუნძულები, და მათი ფესვები დასაბამს იღებენ კოლონიურ ხანაში. ომის პროცესი მოიცავდა მნიშვნელოვან ეტაპებს, მათ შორის არგენტინის მიერ კუნძულის თავდაპირველ ოკუპაციას, ბრიტანეთის საზღვაო ძალების გადასხმას ატლანტის ოკეანეში, კონფლიქტის დიპლომატიურად გადაჭრის ჩაშლილ მცდელობას, მედიაციასა და შემდგომ ბრძოლებს, მათ შორის, გუს გრინის ბრძოლას, რომლის დროსაც დიდი ზიანი მიადგა არგენტინულ საზღვაო ძალებს. ბრძოლა ფოლკლენდის კუნძულებისთვის მიუთითებს მის როგორც სტრატეგიულ, ისე ეროვნულ მნიშვნელობაზე ორივე ქვეყნისთვის. თავის მხრივ, არგენტინისთვის ეს იყო დაკარგული ტერიტორია, რომელზეც უნდა აღედგინათ სუვერენიტეტი, თუმცა შემდგომმა მარცხმა, დააჩქარა სამხედრო ხუნტას გადაგდებისა და ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესი, გაერთიანებული სამეფოსთვის კი ფოლკლენდი ეროვნული და პოლიტიკური მნიშვნელობის გამარჯვება იყო, რომელმაც გააძლიერა მარგარეტ ტეჩერის პოლიტიკური პოზიცია და მხარდაჭერა.
ისტორიული კონტექსტი
ფოლკლენდის კუნძულები, რომლებიც მდებარეობს სამხრეთ ატლანტიკის ოკეანეში, ტერიტორიული დავის საგანი იყო მე-19 საუკუნის დასაწყისიდან. თავდაპირველად, მასზე პრეტენზიას აცხადებდა ესპანეთი, თუმცა გაერთიანებულმა სამეფომ პირველმა მოახდინა მისი კოლონიზაცია 1765 წელს და იქ ააშენა საკუთარი პორტი და მცირე დასახლებები. ამ პერიოდში არგენტინა ესპანეთის მიერ იყო კოლონიზებული, შესაბამისად, მას არ ჰქონდა საკმარისი პოლიტიკური ავტონომია, წაეყენებინა პრეტენზია კუნძულზე, თუმცა მას შემდეგ, რაც 1816 წელს ქვეყანა გათავისუფლდა ბრიტანეთის მმართველობისგან, არგენტინის ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გამოხატა სურვილი, კუნძულებზე მისი სუვერენიტეტი გავრცელებულიყო.
უკვე მოგვიანებით, როცა არგენტინაში სამხედრო ხუნტა დამყარდა, გენერალმა ლეოპოლდო გალტიერიმ ეროვნული სიამაყისა გასაზრდელად და ქვეყნის შიგნით არსებული პრობლემებისგან ყურადღების გადასატანად, გადაწყვიტა, ფოლკლენდის კუნძლების წინააღმდეგ შეიარაღებული შეტევა განეხორციელებინა, რასაც მოჰყვა საპასუხო ნაბიჯები გაერთიანებული სამეფოს მიერ. კონფლიქტამდე რამდენიმე წელი აქტიურად მიმდინარეობდა პირდაპირი დიპლომატიური მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის, თუმცა მათ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას, არცერთი სახელმწიფო არ აპირებდა დაეთმო კუნძული, რადგან ისინი მას უყურებდნენ როგორც სტრატეგიულად, ისე ეკონომიკურად მნიშვნელოვან პუნქტს.
სტრატეგიული მნიშვნელობა
ფოლკლენდის კუნძულები ორივე სახელმწიფოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ტერიტორიაა და მასზე პრეტენზიის უკან, ორივე სახელმწიფოს პოლიტიკური, სოციალური და ეროვნული მიზნები დგას. არგენტინის შემთხვევაში, ფოლკლენდი ეროვნული ერთობის სიმბოლოა, რომელზეც ამდენი წლის განმავლობაში აქვს პოლიტიკური პრეტენზია. კუნძულები არგენტინელთათვის ეროვნული იდენტობის სიმბოლოდ იქცა, რომელიც გადაჯაჭვულია მათ ეროვნული სიამაყის განცდასთან. არგენტინელთათვის ფოლკლენდი აღქმულია, როგორც უკანონოდ ოკუპირებული ტერიტორია, ისტორიული და დიპლომატიური უსამართლობა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. რა თქმა უნდა, სენტიმენტების გარდა, ამ პროცესების უკან დგას მისი ლოკაცია, ატლანტის ოკიანის სამხრეთში მდებარე ეს კუნძულები იდეალურია მნიშვნელოვანი სავაჭრო, სამეცნიერო და სამხედრო მარშრუტების სამართავად და საკონტროლოდ. მისი ლოკაცია საშუალებას აძლევს მფლობელ სახელმწიფოს, ჰქონდეს სტრატეგიული უპირატესობა ატლანტის ოკიანის ღია წყლებზე, სამხრეთ ამერიკას, აფრიკასა და სამხრეთ პოლუსს შორის. გარდა ამისა, ლოკაცია იძლევა სინოპტიკური საქმიანობის საშუალებასაც, რაც დიდი ინფორმაციული ძალაა.
კუნძულები ასევე წარმოადგენენ სტრატეგიულ სამხედრო უპირატესობას, რაც სამხრეთ ატლანტიკაში ძალის პროექციისა და საზღვაო ინტერესების დაცვის საშუალებას იძლევა. გაერთიანებული სამეფოსთვის ფოლკლენდის კუნძულებს აქვთ მნიშვნელოვანი სტრატეგიული ღირებულება როგორც გეოპოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად. კუნძულები წარმოადგენენ კრიტიკულ წერტილს სამხრეთ ატლანტიკაში ბრიტანეთის გავლენის გასამყარებლად, რაც აძლიერებს მათ როლს გლობალურ საზღვაო უსაფრთხოებასა და ეკონომიკაში. გარდა ამისა, ფოლკლენდი საერთაშორისო დონეზეა აღიარებული დიდი ბრიტანეთის ტერიტორიად, რაც მათ სრულ უფლებას და ვალდებულებას ანიჭებს, დაიცვას ის და იქ მცხოვრები ხალხი, როგორც მისი სუვერენიტეტის ნაწილი. სწორედ ეს სტრატეგიული ღირებულება, სამხედრო პოზიციონირების, რესურსების კონტროლის და გეოპოლიტიკური გავლენის თვალსაზრისით, ხაზს უსვამს ტერიტორიული დავის ინტენსივობასა და ხანგრძლივობს ორ სახელმწიფოს შორის.
ეკონომიკური მნიშვნელობა
ეკონომიკურად, ფოლკლენდის კუნძულები მნიშვნელოვანი ტერიტორიაა როგორც ბრიტანეთისთვის, ისე არგენტინისთვის. სწორედ მისი ეკონომიკური პოტენციალის გამო ჰქონდა თავის დროზე პრეტენზია ესპანეთის სამეფოსაც. ფოლკლენდი მისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი რეგიონია თევზჭერის მიმართულებით, განსაკუთრებით კი ისეთ თევზების, რომლებიც ცხოვრობენ სამხრეთ პოლუსთან ახლოს და მათი ფასი ბაზარზე დეფიციტის გამო, ყოველთვის მაღალია. თავდაპირველად, როცა ჯერ კიდევ ვეშაპის ცხიმოვანი მასა გამოიყენებოდა მაღალი დონის პარფიუმერიაში, ფოლკლენდის კუნძულებს ხშირად სტუმრობდნენ ვეშაპზე მონადირეთა დიდი ექსპედიციები, ჩაიდო დიდი ინვესტიცია ამ მიმართულებით. მათ შორის, ბრიტანელი ბიზნესმენებისა და არისტოკრატიის მიერ, რამაც კიდევ უფრო მეტად გაამძაფრა მისი არგენტინისგან დაცვის მნიშვნელობა.
აღსანიშნავია ისიც, რომ კუნძული მდებარეობს საზღვაო გზაჯვარედინზე და მასთან გადის მნიშვნელოვანი სავაჭრო თუ სამეცნიერო საზღვაო მარშრუტები, რაც მის მფლობელს ანიჭებს დიდ ეკონომიკურ პოტენციალსა და სარგებელს. აუზი, რომელშიც ფოლკლენდის კუნძულებია განლაგებული, შედგება პრეისოტიული ტექტონიკური ფილებისგან და წყლის ქვევით არსებული ვულკანური მთებისგან, რაც დიდი ალბათობით ნიშნავს იმას, რომ აქ უნდა იყოს დიდი რაოდენობით ნავთობისა და გაზის საბადოები და სხვა მნიშვნელოვანი და ძვირადღირებული ბუნებრივი რესურსები. როგორც ბერკოვიჩი აღნიშნავს, ეკონომიკური ფაქტორები ხშირად განაპირობებენ კონფლიქტების გამწვავებასა და მის ხანგრძლივობას, რაც კარგად ჩანს ფოლკლენდის მაგალითზე.
თეორიული ჩარჩო
ფოლკლენდის კონფლიქტის გასაანალიზებლად, საჭიროა გამოვიყენოთ რამდენიმე ავტორის თეორიათა კომბინაცია, რათა ზუსტად გავაანალიზოთ, თუ რა ტიპის კრიზისთან გვაქვს საქმე და რა შეიძლება იყოს მისი გადაჭრის გზები. პირველ რიგში, ფოლკლენდის კრიზისს ყველაზე კარგად ერგება ბერკოვიჩისა და სხვა ავტორების სახელმძღვანელო, რომელიც გვთავაზობს კონფლიქტების მოგვარების თეორიების ვრცელ კვლევას, რომელშიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ტერიტორიული დაპირისპირებები, რომლებიც საფუძველს იღებენ ისტორიული კონტექსტიდან და მკვეთრად არიან გადაბმული ნაციონალურ თუ ეროვნულ იდენტობასთან, რაც კიდევ უფრო ზრდის მის მნიშვნელობას კონფლიქტში ჩართული ორივე მხარისთვის. არგენტინისთვის და გაერთიანებული სამეფოსთვის, ფოლკლენდის კუნძულები არაა მხოლოდ ტერიტორია, მათზე ამდენ წნლიანი ისორიული პრეტენზიები მიუთითებს იმაზე, რომ ეს ტერიტორია გახდა ეროვნული იდენტობის სიმბოლური ნაწილი და ის მკვეთრადაა დაკავშირებული ორივე სახელმწიფოს ნაციონალურ მისწრაფებებთან. ამის მოსაგვარებლად საჭიროა ბერკოვიჩის მრავალმხრივი დიპლომატიის კონცეფციის გააზრება, რომელიც მოიცავს როგორც ოფიციალურ დიპლომატიურ მოლაპარაკებებს, ასევე არაოფიციალურ, არასამთავრობო ურთიერთობებს და გვთავაზობენ მიდგომებს, რომლებიც საჭიროა ასეთი კონფლიქტების მოსაგვარებლად, მათ შორის, მედიაციის როლს, რომელიც შეიძლება დიდმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ითავოს. მედიაციის მნიშვნელობაზე მიუთითებს ისიც, რომ სულ რამდენიმე წლის წინ, ჩინეთმა მხარი დაუჭირა არგენტინის პრეტენზიას ფოლკლენდის ტერიტორიებზე სუვერენიტეტის აღდგენის პროცესისთვის, რაც მიუთითებს კუნძულების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე და პოტენციურ საფრთხეზე, რომელიც ჩინეთის მიერ ატლანტის ოკიანეში გამოჩენით შეიძლება წარმოიშვას.
თავისმხრივ, რამსბოთამი და მისი თანაავტორები კიდევ უფრო მეტად კონცენტრირდებიან კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასა და მის ტრანსფორმაციაზე. მათი აზრით, მსგავსი კონფლიქტების მოსაგვარებლად, აუცილებელია მის სიღრმეში ჩასვლა და საწყისი მიზეზების მოგვარება, რამაც გამოიწვია მსგავსი მასშტაბური და გრძელვადიანი დავა. ეს მიზეზბი შეიძლება იყოს როგორც ისტორიული, ისე ეკონომიკური. როგორც ბერკოვიჩი, ისე რამსბოთომი მიუთითებს, რომ კონფლიქტის მოგვარებაში აუცილებელია მედიაცია მესამე, სანდო მხარის მიერ, რაც ფაქტია, რომ ფოლკლენდის ომს აკლდა. მიუხედავად არაერთი დიპლომატიური მცდელობისა, შეტაკებები მაინც წარიმართა ორ ქვეყანას შორის. მსგავს სიტუაციაში რამსბოთომის აზრით საჭიროა გრძელვადიანი და ფაზობრივი მოლაპარაკებები, რომლებიც ეტაპობრივად წარიმართება და არის პირდაპირი და უშუალო კომუნიკაციით განპირობებული. ორივე მეცნიერი საბოლოოდ ხაზს უსვამს როგორც დაუყოვნებლივი, ისე გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების მნიშვნელობაზე და შემდეგ ტრანსფორმაციაზე, მათ შორის, ეროვნულ და ნაციონალურ დონეზე.
პოტენციური გადაწყვეტილებები
ფოლკლენდის კონფლიქტის მოგვარებისათვის საჭიროა არგენტინისა და გაერთიანებული სამეფოს ისტორიული, ნაციონალისტური და სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინება. ბერკოვიჩის და რამსბოთამის კონფლიქტების მოგვარების თეორიებზე დაყრდნობით, რამდენიმე პოტენციური გზის განხილვა შეიძლება.
ორმხრივი მოლაპარაკებები - არგენტინამ და გაერთიანებულმა სამეფომ უნდა აწარმოონ პირდაპირი მოლაპარაკებები ერთმანეთთან მესამე, ორივესთვის მისაღები ნეიტრალური მხარის დაკვირვებით. პროცესი მოითხოვს ორივე მხარის მიერ ერთმანეთის ინტერესების თანაბარ აღიარებას და სანდოობის ფაქტორის აღდგენას, რაც მიღწევადია სხვადასხვა მიმართულებების კოოპერაციით, მათ შორის, ეკონომიკური თანამშრომლობით, ცნობიერების ამაღლებითა და კულტურული გაცვლებით.
საერთაშორისო მედიაცია - შესაძლოა, დიდმა ორგანიზაციამ, მაგალითად, გაერომ უზრუნველყოს მოლაპარაკებათა ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც, შესაძლებელი იქნება ორ ქვეყანას შორის საკითხის სამართლიანად გადაწყვეტა. საერთაშორისო მედიაცია - შესაძლოა, დიდმა ორგანიზაციამ, მაგალითად, გაერომ უზრუნველყოს მოლაპარაკებათა ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც, შესაძლებელი იქნება ორ ქვეყანას შორის საკითხის სამართლიანად გადაწყვეტა.
დასკვნა
ფოლკლენდის კონფლიქტის მოგვარება მოითხოვს მრავალმხრივ მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს დავის ისტორიულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ განზომილებებს. ბერკოვიჩის, რამსბოთამის და სხვა მეცნიერების თეორიების და ჩარჩოების გამოყენება იძლევა პოტენციური გადაწყვეტილებების საშუალებებს, რომლებიც ხაზს უსვამენ დიალოგს, თანამშრომლობას და ურთიერთპატივისცემას. მიუხედავად გამოწვევებისა, მსგავსი სტრატეგიები სთავაზობენ ორივე მხარეს მდგრად და მშვიდობიან გადაწყვეტას, რაც არგენტინისთვის, გაერთიანებული სამეფოსთვის და ფოლკლენდის მოსახლეობისთვის სასარგებლო იქნება.
📚 ბიბლიოგრაფია
• Bahcheli, T., Bartmann, B., & Srebrnik, H. (2004). De Facto States: The quest for sovereignty. New York: Routledge.
• Bercovitch, J., Kremenyuk, V., & Zartman, I. (2009). The SAGE handbook of conflict resolution. Los Angeles: Sage.
• Cornell, S. E. (2007). Understanding Conflict Resolution: War, Peace and the Global System. Michigan: Uppsala University.
• Lederach, J. P. (2014). The Little Book of Conflict Transformation. New York: Good Books.
💾 გადმოწერა:
⚠️ ფაილში მოცემული ტექსტი იდენტურია საიტზე განთავსებული სტატიისა.
コメント